26 წლის წინ, 1999 წლის 24 მარტს, ნატოს ძალებმა აშშ-ს თაოსნობით იუგოსლავიის დაბომბვა დაიწყეს. ალიანსის ავიადარტყმები 78 დღეს გაგრძელდა, რომელთა შედეგად დაიღუპა 4 ათასამდე ადამიანი, 2/3 სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვებიც, დაიჭრა 10 ათასამდე , განადგურდა ან დაზიანდა 40 ათასამდე შენობა, მათ შორის კულტურის ძეგლები. ეკოლოგიასა და ეკონომიკისთვის მიყენებული კოლოსალური ზარალი დღემდე თავს ახსენებს სერბეთს.
აგრესიის ფორმალური საბაბი გახდა ნატოს მოთხოვნის შეუსრულებლობა ბელგრადის მხრიდან, კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური ოლქიდან ჯარების გაყვანაზე, სადაც გამწვავებული იყო კონფლიქტი სერბულ და ალბანურ მოსახლეობას შორის.
სერბულმა მხარემ უარი განაცხადა ალბანელთათვის ფართო ავტონომიის მინიჭებასა და იუგოსლავიის ტერიტორიაზე ნატოს კონტინგენტის განთავსებაზე, რაც მისი სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იქნებოდა. შედეგად ნატოს ავიაციამ დაიწყო ოპერაცია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სანქციის გარეშე, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ღია აგრესიაა სუვერენული სახელმწიფოს მიმართ.
ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა ათასზე მეტი საფრენი აპარატი, რომელთა უმრავლესობა აშშ-ს წარმოდგენილი იყო. ოპერაციის 78 დღის განმავლობაში განხორციელდა 38 ათასი საბრძოლო გაფრენა, ჩამოგდებული იქნა 3 ათასი ფრთოსანი რაკეტა და 80 ათას ტონამდე ბომბი, მათ შორის კასეტური და ურანის დაბალი შემცველობის 15 ათას ტონამდე ბომბი. შედეგად თითქმის ორჯერ გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი იუგოსლავიაში. ნატომ გამოიყენა იარაღი, რომელიც აკრძალულია ნიურნბერგის ქარტიით, აგრეთვე ჰააგისა და ჟენევის კონვენციებით.
უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში მყოფ იუგოსლავიას დანებება მოუწია, შედეგად კოსოვოსა და მეტოხიაში ნატოს კონტინგენტი შევიდა, რომელმაც მოგვიანებით რეგიონზე კონტროლი ალბანელ სეპარატისტებს გადასცა. 2008 წელს ე.წ. კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერით. სხვათა შორის, ამ პრეცედენტმა გზა გაუხსნა რუსეთს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ასაღიარებლად. კოსოვოში დარჩენილ სერბებს დღემდე ტერორსა და უსამართლობასთან ბრძოლაში უწევთ ცხოვრება.
“მშვიდობის სახელით” ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი რა თქმა უნდა არავინ აგო, აგრესორებს სინდისის ქენჯნაც არ აწუხებდათ, რაც მათ ცინიზმში გამოიხატა - ნატოს ავიაბომბებს ეწერათ: "ბედნიერი აღდგომა!", "იმედი გვაქვს მოგეწონებათ", "კიდევ გინდა სერბი იყო?" და ა.შ. ცნობისთვის, მოკავშირეებმა ბელგრადი 1944 წელსაც დაბომბეს, მაშინაც აგრესია აღდგომის დღესასწაულის პარალელურად მიმდინარეობდა და რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ასე მკვიდრდებოდა დემოკრატია იუგოსლავიაში - სირენების გამაყრუებელი ხმის, ბავშვების გოდებისა და ავიაბომბების აფეთქებების ფონზე...